მედია
„ქართული კულტურა“ – ოქროს ხანა ფარაჯანოვისეული ფერებით
1997 წელს აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი…
ამ ფაქტს მთლად შემთხვევითობას ვერ მივაწერ – რედაქტორს ვიცნობდი და მიცნობდა; პატივს ვცემდი და მენდობოდა; მისგან ვსწავლობდი და მასწავლიდა… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, გამიმართლა და აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი.
სად?
„ქართულ კულტურაში“.
24 წლისა ვიყავი – ჟურნალისტიკაში ახალფეხადგმული. ამავე ასაკისანი იყვნენ ჩემი მეგობარ-კოლეგები. ახლა ვხვდები, ტყუილად როდი განიზრახა გამოცდილმა რედაქტორმა ამგვარი გუნდის ჩამოყალიბება. თემურ მეტრეველმა სწორედ ჩვენი თინეიჯერულ-ახალგაზრდული ხედვითა და ცოტაოდენ თავხედური ამბიციით გადაწყვიტა, დაეარსებინა და გაეკეთებინა, მისთვის, ვინ მოთვლის, მერამდენე წარმატებული გაზეთი…
რედაქტორ-მიმომხილველები გვიწოდა. პატივმოყვარეობა დაგვიკმაყოფილა. ოთხნი ვიყავით და ყოველკვირეულ გაზეთს რიგ-რიგობით ვხელმძღვანელობდით. არ გვინდოდა, „უფალი რედაქტორი“ იმედგაცრუებული დაგვეტოვებინა და უმობილურობის, უშუქობის, უინტერნეტობის, უკავშირობის გაყინულ ხანაში პირველები ვიგებდით იმ მოვლენების შესახებ, კულტურას რომ უკავშირდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, იმის პრეტენზიაც გვქონდა, საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბებზე, მათ შორის იმხანად ტაბუდადებულ თუ აკრძალულ თემებზეც კი, გვეწერა.
1997-1998 წლების „ქართული კულტურის“ არქივს რომ გაეცნოთ, არაერთ საინტერესო სტატიას წააწყდებით. ამ გაზეთის ფურცლებიდან გაეცნობოდით მსოფლიო მასშტაბის არაერთ ლიტერატურულ, მუსიკალურ, მხატვრულ, თეატრალურ მოვლენას; გაიგებდით, რას გთავაზობდათ ქართული მხატვრობა, კინო, მოდა… ჩვენი ოთხეულის რედაქტორ-მიმომხილველობა ერთგვარი მარათონი იყო, ვის უკეთესი ნომერი გამოუვიდოდა.
მარჯანიშვილის 5-ში დაბუდებულებმა ამ ჟინით დავიახლოვეთ როსტომ ჩხეიძე და მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები; მანანა გეგეჭკორი, რომელიც ყველა პრემიერის შემდეგ რეცენზიას ჩვენთვის წერდა; თინა ღვინერია, არასდროს რომ აკლდებოდა მუსიკალურ ღონისძიებებს და მათ მნიშვნელობასა თუ ღირებულებაზე გვესაუბრებოდა; დავით ანდრიაძე, რომელიც პროფესიონალურად მიმოიხილავდა გამოფენებს… გამორჩეულ რეპორტიორებს შორის იყვნენ ბექა ქურხული და გიორგი კალატოზიშვილი, ლევან ლორთქიფანიძე და გურამ ნავროზაშვილი, ზალიკო ბერგერი და ნინო ოქრომჭედლიშვილი… ყველანაირი მისწრაფების, რჯულისა და გემოვნების ახალგაზრდა „ქართულ კულტურაში“ იყრიდა თავს და მერე წერდა… წერდა იმაზე, რაც იცოდა, ეძვირფასებოდა და უყვარდა. ჩვენი ოთხეულიც წერდა, ღამეებს ათენებდა… ვცდილობდით, გაგვემართლებინა ძალიან ამბიციური წარწერა, „ქართულ კულტურას“ რომ ამშვენებდა – გაზეთი განათლებული ადამიანებისთვის.
მაინც, როგორი გაზეთი იყო „ქართული კულტურა“? მრავალფეროვანი. აბა, სხვაგან სად წაიკითხავდით ერთდროულად ამბავს უცხოელ ფოტოგრაფზე, რომელიც ხეიბარ ცოლთან და მისი ცოლის საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობდა ჩვენთვის უცხო მხარეში; პირველი ქართველი ტრანსვესტიდი ქალის აღსარებას; ინტერვიუს ზურა ყიფშიძესა და მურმან ჯინორიასთან, ლიტერატურულ კრიტიკას ახალგამოცემულ ქართულ წიგნებზე, თეატრალურ აფიშასა თუ იმ რგოლების შეფასებას, იმდროინდელი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი რომ გვთავაზობდა.
გაზეთის ტირაჟი გვეცოტავებოდა. რეკლამის სახსრები არ გაგვაჩნდა, არადა, გვსურდა, მეტი მკითხველი გვყოლოდა. მახსოვს, როგორი აჟიტირებულნი ვიყავით, გოგი გვახარიამ საავტორო გადაცემა „სარკმელში“ რომ აღნიშნა, „ქართული კულტურა“ ჩემი საყვარელი გაზეთიაო. უფასო რეკლამა გაგვიკეთა, ჩვენთვის კი ამაზე დიდი საჩუქარი რაღა უნდა ყოფილიყო?!.
ქართული კულტურა“ იყო ჩემი (და ვფიქრობ, არა მარტო ჩემი) ოქროს ხანა. ამ დროს ვისწავლე (თუმცა, მაშინ მეგონა, რომ ვიცოდი), როგორ და რაზე უნდა მეწერა, რა იყო ჟურნალისტიკა, რა სპეციფიკა ახასიათებდა ყოველკვირეულ გამოცემას და რითი გამოირჩეოდა გაზეთი განათლებული ადამიანებისათვის.
ეს განათლება მიბოძა რედაქტორმა. თემურ მეტრეველი დეივიდ კოფერფილდისეული ჯადოქრობით ახერხებდა, სრული თავისუფლებაც მოენიჭებინა ჩვენთვის და უხილავ ჩარჩოებშიც ისე მოვექციეთ, თავადაც ვერ მივმხვდარიყავით.
მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მოვლენები საოცარი სისწრაფით განვითარდა, ბევრი რამ გადასხვაფერდა, აზრი და მნიშვნელობა შეიცვალა. ღირებულებებიც კი გადაფასდა… შეიცვალა მთავარი – დავობლდით და რედაქტორის გარეშე დავრჩით. თემურ მეტრეველის ხალისიანი თუ მრისხანე, მისი იუმორით სავსე შეფასებებისა და რჩევების გარეშე ძალიან ძნელია მიუბრუნდე მის დაწყებულ საქმეს და ჩვეულებრივ გამოსცე გაზეთი, რომელსაც „ქართული კულტურა“ ჰქვია.
მიმძიმს…
და მაინც ბედნიერი ვწერ „ქართული კულტურისთვის!“ გაზეთისთვის, რომელიც ჩემთვის სერგო ფარაჯანოვის ფილმის კადრებს ჰგავს – ფერადოვანი, მუსიკალური, შინაარსობრივად სავსე… და საოცრად ღრმა…
P.S. ჩვენი ოთხეული? „ქართული კულტურის“ რედაქტორ-მიმომხილველები გახლდით: რუსუდან რუხაძე, თამარ გუნაშვილი, თამარ ბელქანია და მე – თეა ყიფშიძე.