პირველი გამოცემის შესახებ

ონლაინ გაზეთ “ქართული კულტურის” ეს გამოცემა მნიშვნელოვანი ამბავია თუნდაც იმიტომ, რომ პირველია ასეთ ფორმატში. ოქტომბრის ნომერს უბრუნდებიან “ქართული კულტურის” ძველი გვარდიის წარმომადგენლები, თამარ გუნაშვილი და თეა ყიფშიძე. თამარი თანამედროვე სერიალებისა და კლასიკური წიგნების რთულ ურთიერთობაზე მოგითხრობთ. თეა, დიდი წილი სენტიმენტალიზმით, ძველი ქართული კულტურის “ოქროს ხანას” გაიხსენებს.

ეს გამოცემა, რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართული კულტურისა და საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებსაც შეეხება. დავით კოვზირიძე გვიამბობს იმის შესახებ, თუ რატომ არის ქართული კლუბები კლუბებზე გაცილებით მეტი და ირინე აბესაძე თანამედროვე ქართული ფილანტროპიის ავ-კარგზე ისაუბრებს.

“ქართული კულტურის” ონლაინ გამოცემის პირველი წელი საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ემთხვევა. უამრავი რამ მოხდა მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რუბრიკა “ქართული … 30 წელ-ს” რომელიც ქართულ კულტურაში უკანასკნელ 30 წელს მომხდარ ამბებს მიმოიხილავს. ოქტომბრის გამოცემა “ქართული ლიტერატურის 30 წელ-ზე” ისაუბრებს. გიორგი ლობჟანიძის ესე ამ საკითხზე ქართული უახლესი ლიტერატურის სახელმძღვანელოებში გამორჩეულ  ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

ამ ნომერში არც არქიტექტურა გვრჩება უყურადღებოდ. ნასტასია არაბული მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რატომ არის ბილტმორი თბილისისთვის მიუღებელი ნაგებობა და რატომ შეიძლება იყოს ეს მიუღებელი მისაღები ჩვენი დედაქალაქისთვის.

არც შედარებით მსუბუქი და გულს გადასაყოლებელი მხარე გვრჩება უყურადღებოდ. ამ თვის რუბრიკა “ესთეტში” ნიკა მაჩაიძე თავის გემოვნებაზე გვესაუბრება.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა თამარ გუნაშვილს, რომელმაც თავისი წილი ჰონორარი ისევ ფონდს დაუბრუნა!

დანარჩენი კი ნოემბერში…