მუსიკა პოლიტიკა
ბასიანის ბრძოლა
– საიდან ხართ?
– საქართველოდან.
– ააა, რუსეთი?
ასეთ დიალოგს საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდეგ ძალიან ხშირად გაიგებდით.
– საიდან ხართ?
– საქართველოდან.
– ააა, ბასიანი!
ასეა უკვე წლებია: რუსეთი ქართულმა საკლუბო სივრცემ დაამარცხა. ჩვენ აღარ ვართ “რუსები”. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ხალხი, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო გააკვირვა თავისი მუსიკალურობით, ცეკვის სიყვარულით და საუკეთესო სცენებით თუ ფესტივალებით.
ეს არ არის წარსულის და აწმყოს ორიგინალური შედარება – მუსიკამ მართლა ჩაანაცვლა რუსეთი, ანუ საბჭოთა კავშირი და ჩანაცვლების პროცესში ქართული საკლუბო ინდუსტრია იქცა საბჭოთა ნარჩენების საბოლოოდ გასაქრობ სოციალურ მოძრაობად, რომელიც გზად ყველაფერ რუსულს, ანუ საბჭოურს სპობდა და ცივილიზებული მსოფლიოსკენ კარი შეგვიღო. ამიტომ ეს სფერო არ არის მხოლოდ გასართობი – თბილისის კლუბები უმნიშვნელოვანეს სოციალურ-პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბდა და უამრავი მტერიც გაიჩინა, მათ შორის, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს – თავად სახელმწიფო. და მასთან ჰარმონიაში მყოფი საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი უზარმაზარი ჯგუფი.
მუსიკის დახმარებით ქართველები ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში ვცდილობდით ჩაკეტილი, საზიზღარი რუსული სივრციდან გაღწევას. მაშინ, როცა სამეზობლოში ყველაფერი არასაბჭოთა იკრძალებოდა, თბილისში ჯაზ-ფესტივალები და ანდერგრაუნდ როკ-კონცერტები იმართებოდა. ეს არ იყო უბრალოდ ტაშ-ფანდურის სურვილი, ეს იყო პროტესტი, თავისუფლების წყურვილი, ჭაობიდან ამოძრომის მცდელობა.
1989 წლის 9 აპრილსაც კი, როცა საბჭოთა ცხოველ-ჯარისკაცები ალესილი ნიჩბებით დაგვერიენ, ჩვენ ვმღეროდით. და ჩვენ გავიმარჯვეთ. იმიტომ რომ არ არსებობს მუსიკის გამჩერებელი ძალა. გაჩერდება მუსიკა, გაჩერდება ყველაფერი.
პირველი კლუბი, რომელიც მახსოვს, ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში გაიხსნა და მის შესასვლელში ბუნებრივად შეიქმნა ცალკე ადგილი სტუმრების კუთვნილი ავტომატების ასაყუდებლად. რა თქმა უნდა, მალე იქ სისხლი დაიღვარა და კლუბი დაიკეტა. რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა ახალი სივრცეები, მათ შორის კლუბი, სიმპტომატური სახელით “ბერლინი”, რომელმაც ასევე ცოტა ხანს გაძლო. ნელ-ნელა დაიწყო ფესტივალების ჩატარებაც, თუმცა ეს ძალიან იშვიათი და ქაოტური მოვლენა იყო.
მთავარი ამბები კი ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა, როცა თბილისში, ბათუმში და ბოლოს ქუთაისშიც ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სივრცე გაიხსნა: პატარა, დიდი, ბნელი, განათებული, გარე ტერიტორიებით, სხვადასხვა მიმდინარეობებისთვის. დაიწყო ფესტივალების სერიაც და დღეს საქართველოში უკვე რამდენიმე საერთაშორისო დონის მუსიკალური ფესტივალი ტარდება: თბილისი ოფენ ეარი, მზესუმზირა, 4GB, ექოვეივზი ანაკლიაში და ასე შემდეგ. საქართველოზე, როგორც მუსიკალურ ცენტრზე მთელმა მსოფლიომ დაიწყო ლაპარაკი, ტურისტების დიდი ნაწილი ქვეყანაში სწორედ ამ კულტურას შემოჰყავს და თბილისში დაკვრა უკვე სუპერვარსკვლავი არტისტებისთვისაც კი პატივი გახდა. ასე იქცა საკლუბო სივრცე საქართველოს სავიზიტო ბარათად და ყველაზე განვითარებულ სფეროდ, რომელშიც თვით ბერლინსაც ვუწევთ კონკურენციას.
თუმცა ეს გზა არ იყო მარტივი და როგორც ზევით აღვნიშნე, ამ მიმართულებას ბევრი დღემდე ებრძვის. მათ შორის გამოსაყოფია თავად სახელმწიფო და ასევე ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს გარყვნილი, სატანისტური სცენებია და იქ ჩვენი შვილები არ უნდა გავუშვათ. რატომ ებრძვიან ისინი ყველაზე წარმატებულ ქართულ პროდუქტს და რაში გამოიხატება ეს ბრძოლა?
დავიწყოთ იმით, რომ საკლუბო ცხოვრება მხოლოდ მუსიკის მოსმენა და ცეკვა არაა. მაგალითად ბერლინში, როცა კედელი დაინგრა და ქვეყანა გაერთიანდა, მთელმა იმ სოციალურმა ვნებათაღელვამ, რაც კომუნისტების დატყვევებულ ნაწილში მოგროვდა, კლუბებში, დახურულ სივრცეებში გადაინაცვლა და ათწლეულობით შეზღუდულმა თავისუფლებამ ზუსტად იქ ამოხეთქა. ახალგაზრდები ხუთშაბათს საღამოს შედიოდნენ კლუბებში და კვირას ღამემდე იქ იყვნენ: ურთიერთობდნენ, ცეკვავდნენ, იღებდნენ ნარკოტიკებს, სვამდნენ, ჰქონდათ სექსი – ერთი სიტყვით, ამ მიკრო თავისუფლების კუნძულებზე აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ და არა იმას, რასაც პარტია ეტყოდათ.
იგივე მოხდა თბილისში და ამ მხრივ პიონერი იყო დღეს უკვე მსოფლიო ბრენდად ქცეული ღამის კლუბი ბასიანი. იქ თავიდან უკუნითი სიბნელე იდგა და ეს არ იყო შემთხვევითი: საზოგადოება, რომელიც გარეთ, სინათლეში მხოლოდ ერთმანეთის ჭამით, ლანძღვით და ცემით იყო დაკავებული, უცებ აღმოჩნდა რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრში. ერთმანეთის გვერდით დადგნენ გეი და ძველი ბიჭი, მორწმუნე და ურწმუნო, განსხვავებულად და ჩვეულებრივად ჩაცმული, დიდი და პატარა. მჭიდროდ, ძალიან ახლოს ერთმანეთთან. და ამ ადამიანების შერწყმა, გახსნა, მოდუნება, გაერთიანება და გათავისუფლება სხვაგან ვერსად დაიწყებოდა, თუ არა უკუნით სიბნელეში მაშინ, როცა ქართველებს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულად ცეკვაც კი რცხვენოდათ.
რა ხდება დღეს ბერლინში და რა – თბილისში?
სოციალურმა ტალღამ გერმანიის დედაქალაქის კლუბებში კარგა ხანია გადაიარა, ბერლინის სცენა უმეტესწილად გართობის, მუსიკის შექმნის, ურთიერთობის ადგილად იქცა და იქაური დენსფლორები ტურისტებით გადაივსო. ანდერგრაუნდმა და იქ დაბადებულმა ახალმა, თავისუფალმა საზოგადოებამ ზედაპირზე, სინათლეზე, ქალაქში გადაინაცვლა. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე გერმანული საზოგადოება გარკვეულწილად სწორედ იქ, ანდერგრაუნდში, სიბნელეში შეიქმნა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება ყველანაირად გვერდში უდგას ამ მიმართულებას. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბერგჰაინს, ბერლინის მერია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ევროს უხდის, რათა იქ განახლდეს ინფრასტრუქტურა და სულ ფორმაში იყოს. რატომ? იმიტომ, რომ 1. ეს სივრცე ქალაქის სახეა. 2. რაც უფრო დიდხანს იქნება ბერგჰაინი ფორმაში, მით მეტი ტურისტი ჩავა და მით მეტი მილიონი შევა უკან ქალაქის ბიუჯეტში. უმარტივესია.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში? აქ სიბნელეში გაერთიანებული საზოგადოება ჯერჯერობით სინათლეზე ვერ გამოდის. აქ ყველა, ვინც კლუბში დადის, საზოგადოებისთვის ისევ გარყვნილი და ნარკომანია. არადა კლუბებში ცეკვავენ ადამიანები, ვინც მუშაობს, რაღაცას ქმნის ქვეყანაში. იქ უკვე კარგა ხანია ჩხუბი არ მომხდარა, განსხვავებული ადამიანები სრულ ჰარმონიაში არიან, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეფერებიან, ეხმარებიან, ემოციებს უზიარებენ, მეგობრდებიან, ცუდ ენერგიას ცეკვაში ხარჯავენ. სწორედ იქ შეიქმნა გაბრწყინებული საქართველოს ერთგვარი მოდელი, აწყობილი ურთიერთპატივისცემასა და სოლიდარობაზე, მაგრამ როგორც კი ადამიანი კლუბის ზღურბლს გადმოაბიჯებს, ის ისევ ჩვეულ საბჭოთა ჯოჯოხეთში ხვდება, სადაც ზიზღი და აგრესია მეფობს, სადაც პოლიცია გელოდება, რომ ერთი აბი ექსტაზისთვის ათი წლით ციხეში გაგიშვას და ცხოვრება გაგინადგუროს, სადაც ღვინოში და საკუთარ კომპლექსებში ჩამხრჩვალი “საზოგადოება” მზადაა ანათემას გადაგცეს იმისთვის, რომ ერთობი და არავის არაფერს უშავებ.
ასეა გაჩხერილი თავისუფლება კლუბებს და გარე სამყაროს შორის საზღვარივით: შიგნით რაც გნებავთ, აკეთეთ, გარეთ – როგორც პარტია, ანუ სახელმწიფო გიბრძანებთ.
დააკვირდით, რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო. ბიუჯეტიდან ფულს გამოყოფს, რომ ეს ისედაც ყველაზე განვითარებული სფერო კიდევ უფრო განავითაროს და მეტი ტურისტი, შესაბამისად, ფული მოიზიდოს? არა. კანონმდებლობას ცვლის, რომ ნარკომომხმარებელი ტერორისტზე მძიმედ არ ისჯებოდეს? არა. ხელს უწყობს ღამის ცხოვრების რამენაირად განვითარებას? არა. ის რეიდებს ატარებს კლუბებს შიგნით და გარეთ და მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გადასარევი კლუბები კი გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება უცებ, შუა ცეკვაში, სპეცდანიშნულების რაზმმა ალყაში მოგაქციოს, გირტყას, დაგამციროს, თუ მოუნდება, დაგიჭიროს. ან, ამ ფაშისტური ნარკოკანონმდებლობის დახმარებით, მინიმალური დოზა ნარკოტიკი გიპოვონ ან ჩაგიდონ და მორჩა, დამთავრებულია შენი ცხოვრება. რისთვის? საერთოდ არაფრისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი პოტენციური ტურისტი იკავებს თავს აქ ჩამოსვლისგან ზუსტად ამ არაადამიანური კანონების გამო.და ამის ფონზე იქმნება ღამის ცხოვრების განვითარების სააგენტო, რომელიც კაცმა არ იცის, რეალურად მუშაობს თუ არა.
ეს ამბავი რომ დავზიპოთ, ასე დალაგდება: საქართველოში ყველაზე განვითარებული არის საკლუბო სფერო, მას კი სახელმწიფო ებრძვის და აზიანებს. საზოგადოების დიდი ნაწილიც, იმიტომ იქ ადამიანები თავისუფლები არიან და გარეთაც ასე უნდათ ყოფნა, ეს კი ბევრს არ მოსწონს, ან არ აწყობს.
არადა, იმ დღეს ვნახე ბასიანთან სცენა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ ბერგჰაინის შესასვლელთან თუ წააწყდება – სავარაუდოდ სკანდინავიელი ბიჭი როგორ აწყნარებდა იაპონელ მეგობარ გოგოს, რომელიც არ შეუშვეს და ცხარე ცრემლებით ტიროდა.