ახალი “ქართული კულტურა” “ეს ასეა-ს” ეპოქაში
თეიმურაზ მეტრეველის ფონდი

გაზეთი “ქართული კულტურა” თეიმურაზ მეტრეველის მთავარი იდეა იყო. მას ბევრი სხვა და კომერციულად გაცილებით წარმატებული პროექტი ჰქონდა. თუმცა “ქართული კულტურა” მანიც მთავარ იდეად დარჩა. ამ იდეის განხორციელება მან რამდენჯერმე სცადა. აი, მაგალითად, იხილეთ თეა ყიფშიძის სტატია მის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვან ცდაზე. გაზეთი გამიზნული იყო “განათლებული ადამიანებისთვის”. მისი კომერციული წარუმატებლობის მთავარი მიზეზიც ეს იყო. მაშინდელ საქართველოში განათლებული ადამიანი კი მოიძებნებოდა, მაგრამ განათლებული და თან ისეთი, რომ გაზეთის ყიდვის თანხა ჰქონოდა, იშვიათი ამბავი იყო.

დღევანდელი საქართველო მაშინდელისგან ბევრი რამით განსხვავდება. თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა კერძოდ კი ის, რომ საჭიროება “ქართული კულტურის” მსგავსი გამოცემისა უაღრესად აქტუალურია. ფონდის გადაწყვეტილებით, გვინდა განვაახლოთ ეს ძველი პროექტი.

თეიმურაზ მეტრეველი თავისი დროის ჟურნალისტებიდან იმითაც გამოირჩეოდა, რომ ის ინოვატორი იყო და სიახლეების დანერგვა უყვარდა. ის იყო პირველი ნამდვილად დამოუკიდებელი ქართული გაზეთის რედაქტორი პოსტსაბჭოთა ხანაში, მუდმივად იყენებდა ახალ ტექნოლოგიებს, თუკი ხელი მიუწვდებოდა მათზე. მისი რედაქტორობით არის გამოცემული პირველი ნამდვილად ფერადი მაღალი ხარისხის გაზეთი. მან დაიწყო პირველი ქართული ყოველკვირეული კომიქსის გამოქვეყნება და ასე შემდეგ…

როდესაც მისი სახელობის ფონდი მისი მემკვიდრეობის გაგრძელებას აპირებს, პირველი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის ის, თუ რას გააკეთებდა თეიმურაზ მეტრეველი დღეს, ახალი ტექნოლოგების ხანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი ახალი პროექტი ისევ ინოვაციებით იქნებოდა გამორჩეული. ამიტომ, ჩვენც ინოვაციურ პროექტს გთავაზობთ. განახლებული “ქართული კულტურა” ონლაინ ჟურნალი იქნება და ახალ სტატიებს ყოველ თვე შემოგთავაზებთ. მისი ფუნქცია მარტივია: მიაწოდოს მკითხველს ღრმა და ანალიტიკური სტატიები ქართული კულტურის, ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ.

თანამედროვე ეპოქა სისწრაფის ეპოქაა. ჩვენ ვმოძრაობთ სწრაფად, ვჭამთ სწრაფად, ვკითხულობთ სწრაფად, ვმუშაობთ სწრაფად, ვწერთ სწრაფად… ყველაფერს ვაკეთებთ სწრაფად და ახალი ტექნოლოგიები ამაში სულ უფრო და უფრო გვიწყობს ხელს. ამ ტექნოლოგიებს და თანამედროვეობის სისწრაფეს უამრავი დადებითი რამ მოაქვს, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც. ყველაზე დიდი ნაკლი ამ სწრაფი მოქმედებისა გახლავთ ის, რომ ჩვენ ღრმა ანალიტიკური აზროვნებისთვის, გრძელი საკითხავებისთვის არც დრო გვაქვს და არც სურვილი.  სოციალური მედიის ფორმატმა და ელვისებურმა სისწრაფემ ჩვენი ეპოქა ტრაფარეტების ეპოქად აქცია. საზოგადოება უკიდურესი რადიკალიზაციისკენ მიდის. რადიკალიზაცია გლობალური მოვლენაა და ქართული საზოგადოებაც არის ამ პროცესის თანამონაწილე. დღეს ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და რომ ამ ჭეშმარიტებას დასაბუთება არ სჭირდება. “ეს ასეა!” ვამბობთ ჩვენ და მორჩა. თანამედროვე ეპოქაში ჩვენ არც იმის დრო გვაქვს, რომ ბევრი ვიფიქროთ, რატომ არის “ეს ასე” და არა სხვანაირად და რომც ვიფიქროთ, სხვას, ვისაც ეს ფიქრი უნდა გავუზიაროთ, არც დრო აქვს და არც სურვილი დიდხანს უსმინოს ჩვენს არგუმენტებს. ის სხვა, იმაში, რომ “ეს ასეა” და არა სხვანაირად, ან უპირობოდ გვეთანხმება ან არა. როგორც უკვე ვთქვით, მსგავსი მიდგომა იწვევს საზოგადოების აბსოლუტურ რადიკალიზაციას და წარმოშობს დიდ კონფლიქტებს. ამ რადიკალიზაციისა და კონფლიქტების ყოველდღიური მოწმეები თავად ვართ.

“ქართული კულტურის” მიზანია ამ მძლავ დინებას დაუპირისპირდეს. ჩვენ გვინდა გვყავდეს ავტორები, რომლებიც იფიქრებენ ღრმად და ზედმიწევნით გაანალიზებენ პროცესებს. ამავდროულად, გვსურს გვყავდეს განათლებული მკითხველი, რომელსაც ღრმა დისკურსის აუცილებლობა ესმის, არ აქვს დრო, მაგრამ მაინც მზად არის, რაც აქვს, ის ამ ღრმა ანალიზს დაუთმოს. გამოქვეყნებული სტატიების პოზიცია, გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ფონდის ანდა რედაქციის აზრს. ჩვენ სტატიებში ანალიტიკური სიღრმე გვაინტერესებს და არა ის, თუ რა დასკვნამდე მიდის ავტორი, თუ ეს დასკვნა საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანიზმის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არ ეწინააღმდეგება.

ჩვენი ონლაინ გამოცემის ზოგიერთი სტატია შეიძლება არ მოგეწონოთ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა შეიძლება ნერვებიც მოგიშალოთ. შეიძლება გაბრაზდეთ და აღშფოთდეთ კიდეც. ამის ალბათობა კიდევ უფრო იმატებს, რადგანაც სტატიების უმეტესობა უაღრესად აქტუალურ, მტკივნეულ თემებს შეეხება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაბრაზების და აღშფოთების პროცესი ღრმა აზროვნების ნაწილია. ჩვენ გვინდა, ხანდახან, თქვენში მსგავსი რეაქცია გამოვიწვიოთ. უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენი სურვილია, შემოგვიერთდეთ იმის გარკვევის პროცესში, თუ მართლაც ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გგონიათ. ან, იქნებ, ცოტა სხვანაირად…

თემები